მარკეტინგის დარგის ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის მომხარებელი, რომლის გარშემო იქმნება სხვადასხვა პროდუქტი თუ სერვისი. სწორედ მომხმარებლის საჭიროებების სწორად დადგენა განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას მომავალში. ეს ყველა მარკეტერმა იცის, თუმცა მცირე ნაწილი თუ იგებს რეალურად კლიენტის გულს.
2019 წლის მთავარი მარკეტინგული ტრენდის შუაგულში სწორედ რომ მომხმარებლის ნდობის დამსახურება იქნება. ყველაზე სანდო რეკლამა ასეთ დროს ადამიანების პირდაპირი რეკომენდაციებია (reviews), რომლითაც უშუალოდ პროდუქტს ან მომსახურებას ვაფასებთ.
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი კლოდა ო’ბრაიანი მიმდინარე წელს ვიდეო მარკეტინგის როლის გაზრდას წინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ამერიკელთა 75% ინტერაქციაში შედის იუთუბზე განთავსებულ ვლოგებთან. განსაკუთრებული ნახვებით კი ის სამომხმარებლო მასალა გამოირჩევა, რომელიც კრეატიულ რჩევებს იძლევა.
ეს ფაქტი ტრადიციული რეკლამის ძალის დაკარგვაზეც მიუთითებს, რომელიც სამიზნე აუდიტორიის 40%-ს ძლივს აღწევს, რაც იმას ნიშნავს რომ მარკეტერები ან უნდა დაფიქრდნენ რეალური ფასეულობის შექმნაზე სარეკლამო მესიჯის მეშვეობით ან კლების ტენდენცია კვლავ შენარჩუნდება.
ორგანიზაციების წინსვლა ციფრულ ეპოქაში ძლიერ არის დამოკიდებული პერსონალიზებულ მიდგომებსა და მომხმარებლის სურვილების უკეთ გაგებაზე. ასეთ დროს სწორი ინფორმაციის ქონას ოქროს ფასი აქვს, რაც ასევე განსაზღვრავს ზუსტი და საჭირო ფასეულობის მიწოდებას ზუსტსა და საჭირო დროს.
ერთმანეთთან დაკავშირებული და აზრიანი ინფორმაციის საფუძველზე გაწეული მომსახურება აღფრთოვანებულს ტოვებს მომხმარებელს და დაუსრულებელი შესაძლებლობების კარს აღებს კომპანიისათვის.
ისეთი დიდი კომპანიას, როგორიცაა, მაგალითად, ლინკდინი, კარგად ესმის ეს ფაქტი და დივერსიფიცირებულ ონლაინ რეკლამებს გვთავაზობს - ერთი ტიპის მესიჯით არ შემოიფარგლება.
იმ მომხმარებელს, რომელიც სოციალური ქსელისადმი ერთგულებას ამჟღავნებს, მადლობის ნიშნად სპეციალურ შეთავაზებებს უგზავნის. ისეთს როგორიცაა, უფასო კურსების გავლა ან მოსაწვევი ბიზნეს ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად.
ავტორი: თემურ იკოშვილი, პროფიტ ლაბი